9 აპრილი თაობების ტკივილია...

ყველაზე შეურაცხმყოფელი სეპარატისტული განწობილება გამოვლინდა გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში აფხაზეთის ნაციონალისტების თავყრილობაზე, სადაც 1989 წლის 18 მარტს 30 000 აფხაზი შეიკრიბა. სეპარატისტები შეეცადნენ ეჩვენებინათ ქართველთა „ძალმომრეობის, ყოველმხრივი შეზღუდვის, ჩაგვრის, კულტურული ასიმილაციის მცდელობის რეპრესიული პოლიტიკის გატარების“ პროცესი და ითხოვდნენ საკავშირო მთავრობის დახმარებას, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას და ა.შ. ეს წერილი დაეგზავნა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას, დაიბეჭდა აფხაზურ პრესაში.
სეპარატისტების მიმართვის შესახებ თბილისში არაფორმალებმა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ძალიან მალე გაიგეს.მხოლოდ სიტყვით დაგმეს აფხაზეთის სტატუსის შეცვლის უკანონო მცდელობა.
ქართული საზოგადოებრივი აზრი კი ღელავდა. ქართველმა ისტორიკოსებმა დასაბუთებული პასუხი გასცეს ლიხნის წერილს.
4 აპრილიდან დაიწყო თბილისის ახალგაზრდებისა და სტუდენტების მიტინგების სერია. 6 აპრილს მიტინგზე ინიციატივა რადიკალების - ირაკლი წერეთლის და გია ჭანტურიას ხელში გადავიდა. აფხაზეთის პრობლემატიკა, რა თქმა უნდა, მიტინგის დღის წესრიგში დარჩა, მაგრამ ის დაჩრდილა მომიტინგების, განსაკუთრებით კი მიტინგის ახალი ხელმძღვანელების ულტრარადიკალურმა გამოსვლებმა და გამონათქვამებმა. მიტინგზე გამოჩნდა ლოზუნგები და ტრანსპარატები, რომლებიც მოითხოვდნენ: „ რუსეთისიმპერიის დაშლას“ , „ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების დამხობას“ , „საქართველოს გამოსვლას საბჭითა კავშირის შემადგენლობიდან“ , „საქართველოში გაეროს ჯარების შემოყვანას“ და ა.შ.
მიტინგზე ზემოქმედება სცადა საქართველოს ოფიციალურმა ხელისუფლებამ. 6 აპრილს ტელევიზიით გამოვიდა და არაფორმალებს ვითარების მშვიდობიანი განმუხტვა შესთავაზა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ჩერქეზიამ, მაგრამ უშედეგოდ.7 აპრილს ტელევიზიით ჯუმბერ პატიაშვილი გამოვიდა, მაგრამ მისი მიმართვაც წარუმატებელი ცდა გამოდგა. იმჟამად საბჭოთა უმაღლესი ხელისუფლება ქვეყანაში არ იმყოფებოდა. თბილისში შექმნილი ვითარების შესახებ მათ 7 აპრილს შეატყობინეს და უთხრეს, რომ თბილისიდან მოდის ჯუმბერ პატიაშვილის ინფორმაცია, რომელშიც ხაზგასმულია: „ მდგომარეობა ვითარდება უფრო მწვავედ... მიდის უწყვეტი მიტინგები, გაისმის კომუნისტებისათვის ანგარიშის გასწორების მუქარები, მოითხოვენ საბჭოთა კავშირის შმადგენლობიდან გამოსვლას“. გვიან ღამით, სახელმწიფო დელეგაცია მოსკოვში ჩაფრინდა. „ ვნუკოვო-2“-ის დარბაზში მიხეილ გორბაჩოვთან შეხვედრისთანავე თბილისის საკითხი განიხილეს.
სამხედროებმა თბილიში შემოიყვანეს სპეციალური სადესანტო ნაწილები რომლებიც სანაპიროზე იყვნენ განლაგებულნი. იდგნენ ტანკები. შუაღამისას მიტინგზე იმყოფებოდა 8-10 ატასი კაცი, ძირითადად ქალები და მოზარდები. ამასობაში მიტინგის დაშლის ბრძანება უკვე გაცემული იყო. 9 აპრილს, დილით, 3 საათსა და 30 წუთზე მიტინგზე მივიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც შეატყობინა მომიტინგეებს, რომ საფრთხე რეალურია, რომ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მასთან ერთად წავიდნენ ქაშუეთის ეკლესიაში და ერთად ილოცონ საქართველოს გადასარჩენად. მაგრამ მომიტინგეები არ დაემორჩილნენ საქართველოს სულიერი მამის შეგონებას. ეს საბედისწერო შეცდომა იყო...
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა... სულ უფრო ძლიერდებოდა პროსპექტზე მომავალი ტანკების გრიალი. აღშფოთებული მომიტინგეები ტანკებს წინ ჯოხებით აღუდგნენ. ფარებს ამოფარებული ჯარისკაცები, ალესილი სადესანტო ბარებითა და ხელკეტებით შეიარაღებულნი მიტინგის დაშლას შეუდგნენ. ვინც წინააღმდეგობას უწევდა - ბარებით ჩეხდნენ, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს მომწამვლელი გაზი.
მიტინგის დაშლის დროს ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი. შემდეგ მათ რიცხვს კიდევ რამდენიმე დაემატა.
თბილისში საგანგებო წესები და კომენდანტის საათი შემოიღეს. 9 აპრილს დღისით დაძაბულობა გრძელდებოდა მთელ თბილისში.ორშაბათს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა არ იყო, ბევრი საწარმო გაიფიცა - აღარ მუშაობდა. თბილისი დაღუპულებს გლოვობდა.
ტრაგედიის შემდგე პირველ დღეებში რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ( მინისტრი ირაკლი მენაღარაშვილი ) საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებს დასახმარებლად მიმართა ასეულობით ადამიანმა, მათ შორის მოწამლული იყო 66 ადამიანი, ბასრრი და ბლაგვი საგნებით მიყენებული მძიმე ჭრილობა ჰქონდა - 24 კაცს, თავის ტრავმებით იყო 67 კაცი. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა შეეცადა შეესუსტებინა ტრაგიკული მოვლენით გამოწვეული უარყოფითი რეზონანსი მსოფლიოში. მაგრამ მსოფლიომ მაინც გაიგო ყველაფერი - როგორც საქართველოს საინფორმაციო წყაროების, ისე რუსეთის დემოკრატიული ორიენტაციის ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველთა საშუალებით, ისე საკუთარი კორესპონდენტებისგან. თბილისში მოვლენების გასარკვევად და თანაგრძნობის გამოსახატავად ჩამოვიდა მიხელ გორბაჩოვისადმი ოპზიციურად განწყობილი ბორის ელცინი, აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი და სხვ. დაზარალებულთა დასახმარებლად ჩამოვიდნენ ექიმები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, აშშ-დან. მოგვიანებით თბილისში ჩამოვიდა ლეგენდარული დედა ტერეზა.
9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში უაღრესად დიდია: მან ცხადყო საბჭოთა პოლიტიკური სისტემის აგონია და საბოლოო კრახი, განაპირობა ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის პროცესის მოახლოება. მაგრამ, ამასთანავე შეიქმნა მნიშვნელოვანი გარემოება - მან მეტად აშკარად და მეტად უხეში ფორმით დაუპირისპირა რუსეთის სახელმწიფო ქართველებს, რუსეთის ჯარი საქართველოს. საქართველო კავკასიაში მარტო დარჩა. ეს ჩინებულად გამოიყენა საქართველოს ყველა მტერმა და არაკეთილისმყოფელმა.
Комментарии
Отправить комментарий