1832 წლის შეთქმულბა



    XIX ს-ის 20-30-იანი წლების მიჯნაზე საქართველოს განთავისუფლებისა და ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლას სათავეში ჩაუდგნენ ოქროპირ გიორგის ძე და დიმიტრი იულონის ძე ბაგრატიონები, ასევე მათთან დაკავშირებული პატრიოტთა დასი. პეტერბურგსა და მოსკოვში სხვადასხვა მიზნით ჩასული ქართველები ბატონიშვილების ოჯახში იყრიდნენ თავს. დიმიტრი ბაგრატიონის ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ ელიზბარ, ზაქარია და დიმიტრი ერისთავები, სოლომონ დოდაშვილი, ესტატე ჯავახიშვილი, სოლომონ რაზმაძე და სხვანი.
     ოქროპირ და დიმიტრი ბაგრატიონებიც იმ აზრისა იყვნენ, რომ რუსეთის მთავრობამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, 1783 წლის მფარველობით-სამოკავშირეო ტრაქტატი შეცვალა რუსეთთან საქართველოს შეერთების მანიფესტით და მოსპო ქართული სახელმწიფო. მათი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის პარალელურად საჭირო იყო საგარეო ძალის გამოყენებაც. ბატონიშვილებსა და მათ თანამოაზრეებს სჯეროდათ, რომ ინგლისის, საფრანგეთის და სხვა დიდ სახელმწიფოთა მთავრობებს შეეძლოთ დათმობაზე წაეყვანათ რუსეთის ხელისუფლება, აეძულებინათ იგი, 1783 წლის ტრაქტატის უფლებრივ ნორმათა საფუძველზე აღედგინა საქართველოს ეროვნული სახელმწიფო.
     რუსეთში ჩასახულმა პროგრესულმა მოძრაობამ, კერძოდ დეკაბრისტების გამოსვლამ, როგორც ჩანს, ააჩქარა ქართველ პატრიოტთა პულსი. ოქროპირ და დიმიტრი ბაგრატიონების თაოსნობით ფარული საზოგადოების კერები უკვე 1826 წელს გაჩნდა პეტერბურგსა და მოსკოვში. 1828 წელს ფარული საზოგადოება ჩამოყალიბდა თბილისში. პატრიოტ შეთქმულთა დასი თანდათან გააქტიურდა, შეადგინა საზოგადოების წესდება, დასახა მოქმედების გეგმა, პოლიტიკური პროგრამა. საზოგადოების მიზანი გახდა ქართველი ხალხის მომზადება განმათავისუფლებელი ომისათვის, რომლის შედეგი უნდა ყოფილიყო ეროვნული სახელმწიფოს აღორძინება.
     შეთქმულთა საზოგადოების ზოგიერთ წევრს დიდი უბედურების მომტანად მიაჩნდა ახალი განმათავისუფლებელი ომის დაწყება. გრიგოლ ორბელიანის აზრით, ქართელ ხალხს უკვე იმ დროს შეეძლო თავისუფლებისათვის წარმატებული ბრძოლა, აღდგენილი სახელმწიფოს შენარჩუნება და სრულყოფა. შეთქმულთა შორის უყვნენ დავით ბაგრატიონის იდეისა და პოზიციის მომხრენიც. ალექსანდრე ორბელიანს მიზანშეწონილად მიაჩნდა, ფარულ საზოგადოებას იმპერატორისთვის წარედგინა დამაჯერებლად დასაბუთებული თხოვნა საქართველოს ავტონომიური სახელმწიფოს აღდგენის შესახებ.
      ერთი სიტყვით,
XIX ს-ის 20-30-იანი წლების საქართველოში სამი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება გამოიკვეთა: მოსახლეობის მცირე ნაწილი შეურიგდა რუსეთთან საქართველოს შეერთებას. მას სასარგებლოდ მიაჩნდა იმპერიული ხელისუფლების ქვეშევრდომობაში ყოფნა. მეორე ნაწილის იდეალი იყო 1783 წლის რუსეთ-საქართველოს მფარველობით - სამოკავშირეო ხელშეკრულების აღდგენა და ამის მიღწევას მშვიდობიანი გზით ვარაუდობდა; გათვითცნობიერებული ქართველი საზოგადოების უმრავლესობა შეიარაღებული ბრძოლის ტაქტიკას ემხრობოდა. მათი აზრით, აჯანყების გარესე ავტონომიის აღდგენაც კი ვერ მოხერხდებოდა, მით უმეტეს შეუძლებელი იყო სრული დამოუკიდებლობის მოპოვება.   შეთქმულთა საზოგადოებაში მესამე მიმართულება დომინირებდა. წევრთა დიდი უმრავლესობა ფარული საზოგადოების ძირითად ამოცანად თვლიდა ანტირუსული ომისათვის მომზადებას, სრული დამოუკიდებლობის მოპოვებას, ეროვნული სახელმწიფოს შექმნასა და სრულყოფას.
    ფარულ საზოგადოებაში ძირითადად თავადაზნაურობა გაერთიანდა. ასიოდე შეთქმული ბევრს ვერაფერს გააკეთებდა, ამიტომ ისინი ცდილობდნენ ეროვნული მოძრაობისთვის ფართო ხასიათი მიეცათ. შეთქმულნი განსაკუთრებით დიდ იმედს გლეხობაზე ამყარებდნენ. ვარაუდობდნენ, ანტირუსულ მოძრაობაში თბილისელ და სხვა ქალაქების ხელოსანთა ჩაბმასაც.
     ცარიზმის რუსიფიკატორულ-კოლონიურ პოლიტიკას შეთქმულთა იდეოლოგი, სოლომონ დოდაშვილი მთელი ქართველი ერის სახელით აკრიტიკებდა, მთელი ხალხის ინტერესების დამცველად გამოდიოდა. მაგრამ მას განსაკუთრებით აწუხებდა უნუგეშო მდგომარეობა გლეხობისა, რომელსაც სიღარიბის, რუსული ენისა და კანონების უცოდინარობის გამო ყველაზე მეტად იჩაგრებოდა. აუტანელი სახელმწიფო  ბეგარა-გადასახადები, რუს მოხელეთაგან აბუჩად აგდება, მისი კაცური და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა იყო გლეხთა უკმაყოფილება-აჯანყების მიზეზი 
XIX საუკუნის პირველ ოცეულში და იგივე მიზეზები მოქმედებდა მომდევნო პერიოდში.
     შეთქმულთა საზოგადოების ლიდერები - ალექსანდრე ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, სოლომონ დოდაშვილი და სხვა აქტიური წევრები ცდილობდნენ ანტირუსული აჯანყების არეალის გაფართოებას, მის გადაქცევას საერთო-კავკასიურ განმათავისფულებელ ომად. მასში აზერბაიჯანელების, სომხების, ჩრდილოკავკასიელი ტომების ჩაბმას. შეთქმულთა საზოგადოებამ კავშირი დაამყარა ანტირუსული ომების ყველაზე სტაჟიან და გამოჩენილ ორგანიზატორთან, ალექსანდრე ბაგრატიონთან და ახალი ანტირუსული აჯანყების მეთაურობა მას შესთავაზა. საზოგადოება ალექსანდრე ერეკლეს ძის მეშვეობით ვარაუდობდა თავისი მიზნისათვის ირან-ოსმალეთის გამოყენებას.
     1830 წელს პოლონეთში იფეთქა ანტირუსულმა აჯანყებამ, რამაც ქართველი შეთქმულნი დიდად გაახარა. ამ მომენტში პოლონელთა სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებას დაუკავშირეს ფარული საზოგადოების სამოქმედო გეგმა. რუსულმა პოლიციამ შეამჩნია და მოგვიანებით დააფიქსირა, რომ „პოლონეთის აჯანყების გაფართოებასთან ერთად ძლიერდებოდა აქაურ ბოროტგანმზრახველთა საზოგადოების ანტირუსული საქმიანობა“.  პოლონელთა სახალხო ლაშქრის მეირ ვარშავის აღების შემდეგ, ქართველმა შეთქმულებმა გადაუდებელ საქმეს მიიჩნიეს აჯანყების დაწყება; განმათავისუფლებელი ომის დაწყებისათვის თითქოს ხელსაყრელი  პირობები იქმნებოდა, მაგრამ მოულოდნელად  გაჟღერდა სამწუხარო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლონელთა ლაშქარი დამარცხდა და რუსებმა ვარშავა აიღეს. ასეთ ვითარებაში ანტირუსული ომის დაწყება აღარ იყო მიზანშეწონილი და შეთქმულებმა აჯანყება უფრო ხელსაყრელ მომენტამდე გადადეს.
     1832 წელს ფარული საზოგადოების სააჯანყებო საქმიანობა კვლავ გაძლიერდა. მოამზადეს სახალხო ლაშქრის ორგანიზაციული საფუძვლები, შეიმუშავეს სასწავლო ბატალიონისა და საქართველოში გადმოსახლებულ პოლონელთა აჯანყებაში ჩაბმის გეგმა. დაინიშნა ანტირუსული ომის დაწყების თარიღი, შეადგინეს ე.წ. „ პირველი ღამის განკარგულება “.
     შეთქმულების ლიდერებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს აჯანყების დაწყება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საკრებულოს დეპუტატებისა და წინამძღოლთა არჩევნების დღეს. ეს არჩევნები ჩატარდებოდა 1832 წლის 20 ნოემბერს. შეთქმულთა გეგმით ამ დღეს არჩევნების დამთავრების შემდეგ ლუარსაბ ორბელიანის სახლში უნდა გამართული ბანკეტი, რომელზეც მოიწვევდნენ მთავარმმართებელლს, სამხედრო და სამოქალაქო დიდმოხელეებს; ღამის პირველ საათზე შუშხუნებით მიცემულ ნიშანზე დაიწყებოდა  „პირველი ღამის განკარგულების“  შესრულება: ბანკეტის ვითომდა მონაწილე შეიარაღებული შეთქმულნი დაატყვევებდნენ მთავარმმართებელს და მის მოხელეებს. ამის შემდეგ შეიარაღებული რაზმები დაიკავებდნენ ქალაქის სტრატეგიულ ობიექტებს: დაეუფლებოდნენ არსენალს, ყაზარმებს, ყველა ხელსაყრელ პოზოციას. თათრის მოედანზე გაიმართებოდა ეროვნული დემონსტრაცია, რომელიც შეიერთებდა ქალაქის ყველა ასაკოვან მოსახლეობას.  სახალხო ლაშქრის ავანგარდული ნაწილის მიერ თბილისში მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ, შეთქმულთა საზოგადოების მაცნენი და წარმომადგენლები რეგიონებში გადავიდოდნენ, მოსახლეობას აუწყებდნენ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი უკვე საქართველოშია და ვითარცა მეფე და მთავარსარდალი საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს, ყველას თავის დროშის ქვეშ უხმობს; ყველგან ერთდროულად უნდა აღემართათ განმათავისუფლებელი მახვილი, რათა რუსთა ჯარის გარნიზონების გაერთიანება არ დაეშვათ ცალ-ცალკე დაემარცხებინათ ისინი.
     რუსეთის მოხელეებისა და ჯარის განდევნის შემდეგ ახალი ამოცანები დაისახებოდა. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა თავდაცვის სისტემის შექმნას: ჩაიხერგებოდა დარიალის ხეობა, შავი და კასპიის ზღვების პირზე განლაგდებოდა შეიარაღებული რაზმები. დიდ სახელმწიფოებში გაგზავნილი დესპანები წარადგენდნენ თხოვნას იმის შესახებ, რომ არ დაეშვათ რუსეთის აგრესიის განმეორება.
     წინასწარ შედგენილი გეგმა-პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას კონსტიტუციური მონარქიის ფორმით. სახელმწიფოს სიმბოლური მეთაური იქნებოდა მეფე ( ჯერ ალექსანდრე ბაგრატიონი, შემდეგ მისი მემკვიდრენი).
     განმათავისუფლებელი ომის დაწყება 1832 წლის 20 ნოემბერს გამართლებული ჩანდა იმიტომაც, რომ მთავარმმართებელი როზენის ბრძანებით იმ დროს რუსული ჯარის ძირითადი ნაწილი დაღესტანში ლაშქრობდა. შეთქმულნი ითვალისწინებდნენ იმასაც, რომ ზამთრის პირობებში  რუსეთიდან დამატებითი შეიარაღებული ძალების გადმოყვანა გაძნელდებოდა და გაზაფხულამდე აჯანყების წარმატებით დაგვირგვინების იმედი ჰქონდათ. მაგრამ 20 ნოემბერს არჩევნების ჩატარება არ მოხერხდა, თარიღმა გადაიწია და მის შესაბამისად შეიცვალა აჯანყების დაწყების დროც. თარიღების შეცვლა კიდევ ორგზის გამეორდა. ამასობაში მოვლენათა გეგმის მიხედვი განვითარებას წერტილი დაუსვა ფარული საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა იასე ფალავანდიშვილმა, რომელიც საკუთარმა ძმამ, თბილისის საქალაქო გუბერნატორმა ნიკოლოზმა დაარწმუნა იმაში, რომ შეთქმულნი ქვეყანასაც დაღუპავდნენ და თავიანთ თავსაც. ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა მხოლოდ შეთქმულების გაცემით. იასე ფალავანდიშვილმა ეს მოღალატური აქტი ჩაიდინა 1832 წლის 9 დეკემბერს.  ორ-სამ დღეში შეთქმულთა საზოგადოების თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. გამოძიებისა და რეპრესიების ქვეშ მოექცა 145 კაცი. ოპტიმიზმი ნაადრევი აღმოჩნდა. შეთქმულთა საზოგადოებამ დიდი ეროვნული მისია ვერ შეასრულა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ვერ აღადგინა.
     რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ
I-მა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა.  შეთქმულების საგამომძიებლო კომისიამ ელიზბარ ერისთავი მეორე ჯგუფის დამნაშავედ სცნო, ანუ ისეთ პირად სცნო  „ ვინც იყვნენ შეთქმულების წამომწყები და სხვებსაც უბიძგებდნენ შეთქმულების და თვით აჯანყებისკენ“. იგი გადაასახლეს ფინეთში. სასამართლო პროცესიდან რამდენიმე წლის შემდეგ ელიზბარ ერისთავი და ყველა სხვა შეთქმული სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც შორეულ ვიატკაში დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე.
   სოლომონ რაზმაძე სასამართლოს განაჩენით მიესაჯა რუსეთის იმპერიის რომელიმე შიდა გუბერნიაში სამუდამოდ გადასახლება და იქ სამოქალაქო სამსახურის დაბალ მოხელედ განწესება. გარდაიცვალა პენზაში და დაკრძალულია იქვე.

    რუსეთის კავკასიურმა ადმინისტრაციამ სამწუხარო გამოცდილებით იცოდა, თუ რას ნიშნავდა ქართველთა აჯანყება და იმის ვარაუდიც შეეძლო, რაოდენ დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა ახალი განმათავისუფლებელი ომი. მთავარმმართებელი და მისი მოხელენი ძალიან კმაყოფილი დარჩნენ იმით, რომ აჯანყების დაწყებამდე გაანადგურეს შეთქმულთა საზოგადოება და იმთავითვე სცადეს მისი მნიშვნელობის შემცირება; შეთქმულება-აჯანყების გეგმა გამოაცხადეს ფუქსავატი ქართველი თავადაზნაურობის უნიადაგო ოცნებად, რომელსაც არ შეეძლო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების შერყევა ოდნავადაც კი.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

1984 - ჯორჯ ორეული <გამონათქვამები>

რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა

400 ინგლისური სიტყვა, რომელთა სწავლის შედეგად ნებისმიერი ტექსტის შინაარსს გავიგებთ )